მთავარიშოპისუნამო

ATLANTIDE

ATLANTIDE

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

მგრძნობიარე გამოცდილებაა, რომელიც წინ უძღვის ჩვენს გონებაში არსებული ყველაზე იდუმალი და მძლავრი ხორციელი სიამოვნების ტკბილ თავდავიწყებას.

მოცულობა:

Not Chosen

2,550.00 ₾
აღწერა

ატლანტიდა ლეგენდარული, მისტიკური კუნძულია. მის შესახებ მითები, პირველად, ქრისტეს შობამდე მეოთხე საუკუნეში, პლატონის ნაშრომებში გვხვდება — „ტიმეოსში“ (Timaeus. 17-27) და პლატონის დიალოგებში (Critias): პლატონის გადმოცემით, დიდებული საზღვაო ძალა — ატლანტიდა, „ჰერკულესის სვეტებს მიღმა“ მდებარეობდა და პოსეიდონის მიერ გამოწვეული უბედურების ჟამს, ზღვის ტალღებმა, „ერთ დღესა და ღამეში“ შთანთქა.

ეს ლეგენდა, კაცთა მოდგმის წარმოსახვას, ყოველი ლამაზი და იდუმალი დანაკარგის მსგავსად, საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოებდა.

ჩვენთვის, ატლანტიდის აღმოჩენა, ასევე, ყველაზე ხანგრძლივი და მომხიბლავი მოგზაურობაა, რაც კი ადამიანს შეუძლია, საკუთარი შინაგანი სამყაროს ყველაზე მიუწვდომელ სიღრმეებში აწარმოოს და ყველაზე ავთენტურ, ცხოველურ ემოციებში ჩაეფლოს — ყოფიერების ირაციონალურ მხარეში, რომლის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით — იქ, სადაც სურნელები საკუთარ ხასიათს ჯადოსნური ენით ავლენენ.

ყოველ ჩვენგანში „ჩაძირული“ შინაგანი მე-ს აღმოჩენა და გათავისება ერთგვარი გამოწვევაა, გაცნობიერებულ ასაკში რომ უნდა მივაღწიოთ: როდესაც ვიგრძნობთ მზადყოფნას, გავბედოთ და ახალ გამოცდილებებში ჩავიძიროთ, შინაგანი სამყაროს ხმას უშიშრად მოვუსმინოთ და თვალი გავუსწოროთ ჩვენს ცნობიერში არსებული ბნელ იდუმალებებსა თუ სინათლეს.

ნუ შეგეშინდებათ, მოუსმინოთ სირინოზების მომაჯადოებელ გალობას! ციცერონის თანახმად, ჰომეროსის ეპოსში, მათი სიმღერა ცოდნას გვიქადის: ოდისევსი, სწორედ, სწავლის გაუმაძღარმა წყურვლიმა მიიზიდა და არა სირინოზების ტკბილმა ხმამ.

გადაეშვით მარილიან წყალში, ყური დაუგდეთ საკუთარ კანს და დაე, ყნოსვა გახდეს თქვენი მეგზური.

თუ სიმამაცეს მოიკრებთ და ცხოვრების მსვლელობას მიენდობით, შინაგანი მე-ს შეუცნობელ სიღრმეებთან დაკავშირების გზასაც იპოვით.

„აქციეთ ქვეცნობიერი ცნობიერად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს ცხოვრებას სწორედ ქვეცნობიერი განკარგავს, თქვენ კი მას ბედისწერას უწოდებთ,“ — კარლ გუსტავ იუნგი.

Tiziana Terenzi-ს არომატის — Atlantide-ის („ატლანტიდა“) სურნელი, ცქრიალა, დამაჯერებელი ნოტებით იშლება: კომპოზიციას გახსნისთანავე იტალიურ იდენტობას ანიჭებს „მწვანე ოქროს“ სახელით ცნობილი პარფიუმერული ინგრედიენტი — შესანიშნავი კალაბრიული ბერგამოტი. გამხსნელ ნოტებს ამდიდრებს მისი თანმხლები, ინტენსიური და ელეგანტური „ძველი ვარდის“ (ვარდის ტრადიციული აკორდი) სურნელი, მარაკუია კი — ტკბილად, ფაქიზად ეკვრის გარს.

კომპოზიციის გული თბილ, დახვეწილ ცდუნებად გარდაიქმნება, როდესაც ნარცისის ამაღელვებელი არომატი, ხორციელი, თრობის მომგვრელი მოქმედებით, „ცოდვის ყვავილის“ — ტუბეროზის შეუმცდარ, ჰიპნოზურ ნოტებს აძლიერებს.

რენესანსულ ხანაში, ახალგაზრდა გოგონებს ტუბეროზის ნარკოტიკული სურნელის დაგემოვნება ეკრძალებოდათ — იმის შიშით, რომ „ცოდვას მიეცემოდნენ“. მსგავსი აკრძალვა ინდოეთშიც მოქმედებდა, სადაც ამ ყვავილს, „კი რანის“ — „ღამის თაყვანისმცემელს“ უწოდებდნენ, რადგან არომატს სწორედ მზის ჩასვლის შემდეგ აფრქვევს; მიიჩნევდნენ, რომ მისი სურნელი ახალგაზრდა გოგონებს სენტიმანტალურობის თავდავიწყებაში ჩაძირავდა და ამ მდგომარეობას თავს ვეღარასოდეს დააღწევდნენ.

„ეს მშვენიერი ტუბეროზა, მდელოების დედოფალი, ყველაზე ლამაზი ქმნილებაა, რაც კი ჩვენი მრავალწლოვანი მუშაობის განმავლობაში შეგვხვედრია“, — აცხადებენ Tiziana Terenzi-ს პარფიუმერები. „მისი სურნელი, ცხოვრებისეული რიტმის მსგავსად, თითქოს, ლეთარგიული (იგულისხმება ღრმად მიძინებული) სიყვარულის მაგნიტურ ვნებას ააგიზგიზებს,“ — მარკ ანდრე რაფალოვიჩი.

გრძნობათა შეგნებულ თავბრუსხვევას თბილი, მზიანი ხილის ნოტები ახლავს, რომელთაც ჰარმონიულად ამყარებს ამბრის ფაქიზ ძალასთან და ბენზოინის თბილ სიტკბოსთან კომბინირებული მუშკის მდიდრული ბაზა (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით. ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით. მუშკი: მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში).

სიმბოლურ ფლაკონს, რომელშიც ეს მშვენიერი სუნამოა მოთავსებული, ანტიკური ხანის ოქრომჭედლების გრანულაციის ტექნოლოგიით დამზადებული ზღვისებრი ქმნილება აკრავს და ხელით შეხებისას, თითის წვერებს, მარილიან წყალში ჩაძირვისას განცდილ ტაქტილურ სიამოვნებას ანიჭებს.

Tiziana Terenzi-ს Atlantide მგრძნობიარე გამოცდილებაა, რომელიც წინ უძღვის ჩვენს გონებაში არსებული ყველაზე იდუმალი და მძლავრი ხორციელი სიამოვნების ტკბილ თავდავიწყებას.

გამხსნელი ნოტები:

ტუბეროზის აბსოლუტი, ბერგამოტი, ვარდი, მარაკუია

გულის ნოტები:

კასისი (შავი მოცხარის ტკბილი აკორდი), ჟოლო, ნარცისი, ორისი (ზამბახის აკორდი), ფორთოხლის ყვავილი, ტუბეროზა

საბაზისო ნოტები:

მუშკი, ბენზოინი (ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით), ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით)

Alcohol Denat., Parfum, Benzyl Salicylate, Amyl Cinnamal, Linalool, Hydroxycitronellal, Geraniol, Limonene, Eugenol, Cinnamal, Benzyl Benzoate, Benzyl Alcohol, Farnesol, Alpha – isomethyl ionone, Amylcinnamyl Alcohol, Hexyl Cinnamal, Citral, Benzyl Cinnamate, Isoeugenol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.