EPICENTRO
Parfum
სუნამო
არომატი EPICENTRO ძლიერი ზემოქმედების, ემოციური რეაქციის გამომწვევი იარაღია: პარფიუმერი მიზნად ისახავს, გაგვაცნობიერებინოს, თუ რაოდენ ტრაგიკული მოვლენა მოხდა, რათა, შემდეგ, ჩვენმა გონებამ ინფორმაცია დაამუშაოს და ნეგატიური ემოცია, თავდაცვითი მექანიზმით, სილ
Not Chosen
FILIPPO SORCINELLI-ს არომატ EPICENTRO-ს, პარფიუმერის სამშობლო მარკეში 2016-2017 წლის შემზარავი მიწისძვრები დაედო საფუძვლად. ფილიპო სორჩინელიმ, სტიქიის შემდეგ მიწასთან გასწორებული ბოლონიოლა მოინახულა — პატარა სოფელი სიბილინის მთების ეროვნული პარკის ცენტრში — რეგიონის ყველაზე მაღალმთიანი, სულ 138 რეზიდენტით დასახლებული ერთეული. ჯერ კიდევ ცნობისმოყვარე ვიზიტორის როლში მყოფი ხელოვანი შეაძრწუნა ტრაგიკულმა მოვლენამ და მიზნად დაისახა, პარფიუმერული პროექტი — EPICENTRO განეხორციელებინა, როგორც სევდიანი ამბის ბედნიერი დასასრულის სიმბოლო, რომელიც ექოსავით მოედებოდა მსოფლიოს და ბოლონიოლას შესახებ სურნელოვან ისტორიას უამბობდა.
მალე, მას, კიდევ 3 სხვადასხვა დროს განცდილი მძაფრი ემოციებით შთაგონებული არომატი შეემატა და გაჩნდა სორჩინელის ნიშური სუნამოების ახალი ხაზი — „მოგზაურობის დელირიუმი“.
მიწისძვრა განსაკუთრებით დამღუპველი და დესტრუქციული სტიქიაა, რომელიც ძალადობრივად იჭრება ჩვენს ყოფაში და სულ რამდენიმე წამში, ნორმალურ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს…
ფიზიკური ქაოსი სულიერს წარმოქმნის — ბუნებრივი სტიქია ადამიანის ფსიქიკაშიც ძვრებს იწვევს; უმართავია ემოციები და ინსტინქტები, როდესაც ფეხქვეშ მიწა გეცლება, დაუცველობის განცდა გიპყრობს და შინაგანი ძრწოლა აგიტანს. სხვადასხვა ფორმით ვრცელდება შიში — პირველ ეტაპზე, ვცდილობთ, მტვრისგან დახრჩობას გადავურჩეთ, შემდეგ — უიმედოდ ვეძებთ გასაქცევს და გვტანჯავს ფიქრები, მთელი ცხოვრების განმავლობაში, წვალებით შექმნილის მიტოვება რომ გვიწევს — სახლის, მოგონებების თუ ყოველდღიური მოხმარების საგნების… თავის დაღწევის, თავშესაფრის ძიება უშედეგოა…
გამოსახულებები ნელ-ნელა ბუნდოვანი ხდება, ამოფრქვეული ლავას მტვერი წვავს თვალებს, ყელს; სასოწარკვეთილი ადამიანი სინათლის სულ მცირე წერტილს ეძებს, გზა რომ გაიკვლიოს…
არომატი EPICENTRO ძლიერი ზემოქმედების, ემოციური რეაქციის გამომწვევი იარაღია: პარფიუმერი მიზნად ისახავს, გაგვაცნობიერებინოს, თუ რაოდენ ტრაგიკული მოვლენა მოხდა, რათა, შემდეგ, ჩვენმა გონებამ ინფორმაცია დაამუშაოს და ნეგატიური ემოცია, თავდაცვითი მექანიზმით, სილამაზესთან დაკავშირებული პოზიტიური ფიქრებით გადაფაროს…
EPICENTRO-ს სურნელოვანი კომპოზიცია ჭეშმარიტად მხატვრული ინსტალაციაა, რომელიც ხუთივე გრძნობით ორგანოზე ზემოქმედებს, მომნუსხველად გვიპყრობს და ემოციებით გვავსებს.
მიწისძვრის ამსახველი ხელოვნების ნიმუშია სუნამოს შეფუთვაც — ფლაკონის ფორმა ბიძგების სიმულაციის საშუალებას გვაძლევს; საოცრად მდიდრული, მეტეორიტის მსგავსი თავსახური კი ნატეხის ფორმას იმეორებს, რომელიც ფილიპო სორჩინელიმ ბოლონიოლას ქალაქის სამმართველოს ნანგრევებს შორის იპოვა.
მაღალფარდოვანი ღირებულების და მდიდრული არომატის წყალობით, EPICENTRO-ს ამბიციაა, საზოგადოებამ არა მხოლოდ სურნელოვანი სიამოვნების მიმნიჭებლად, არამედ — ბოლონიოლას მოსახლეობისთვის პოზიტიური ცვლილების მომტანად აღიქვას — პროექტად, რომელიც დაზარალებულებს საკუთარ სახლებში დაბრუნებაში დაეხმარება, ბოლონიოლა კი კვლავინდებურად გაამართლებს სახელწოდებას: Bononia, იგივე „სიკეთეების ქვეყანა“.
არომატული კომპოზიციის ჰარმონიის ევოლუცია:
მუსიკალური ფუგის პირველი ხმა: ანჟელიკას ფესვები, ბენზოინი, ფილის ბალზამი, კუმინი, ქარვა, გუაიას ხე.
მუსიკალური ფუგის მეორე ხმა: კალამუსი, ამბრეტის თესლი, მატის ნოტები — თამბაქო, მწვანე ჩაი, ბალახოვანი აკორდები, თივა, კვამლი.
შლეიფი: ვირჯინიის კედარი, ბერგამოტის აკორდი, კედარის ხე.
SUBJECT: Angelica roots, Benzoin, Fil balm, Cumin, Amber, Guaiac wood
COUNTER SUBJECT: Calamus, Ambrette seeds, Maté
TAIL: Virginia cedar, Accord of bergamot, Cedar wood
იტალიელი პარფიუმერი ფილიპო სორჩინელი მრავალმხრივი ხელოვანია. მისი მსოფლმხედველობის და ესთეტიკის ჩამოყალიბებას სასულიერო სფეროში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, რელიგიური თემატიკა სორჩინელის შემოქმედების ლაიტმოტივია.
13 წლისამ, ორღანზე დაკვრა დაიწყო; სხვადასხვა დროს, რიმინიში — ფანოს კათედრალში, შემდეგ კი — მარკეში, სან ბენედეტო დელ ტრონტოში ორღანისტად მოღვაწეობდა. მოგვიანებით, პონტიფიკური ინსტიტუტის სასულიერო კურსზეც ჩაირიცხა და აქტიურად მონაწილეობდა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებში.
2001 წლიდან, ხელოვნების და რელიგიის კონცეფციების შერწყმით, სასულიერო პირების კოსტიუმების ექსკლუზიური ატელიე დააარსა. სორჩინელის კლიენტებს შორის რომის პაპებიც — ბენედიქტე მეთექვსმეტე და პაპი ფრანცისკე იყვნენ.
პარფიუმერიაში პირველი ნაბიჯები 2013 წელს გადადგა: გოთიკური არქიტექტურით შთაგონებული ნიშური ბრენდის — UNUM-ის თანადამფუძნებელი გახდა. 5 უნიკალური არომატისგან შემდგარი კოლექცია მდიდრული საკმეველის და მითიური ვარდების ბაზაზე შეიქმნა, როგორც ვატიკანის მარადიული რელიგიური სულის ახლებურად წარმოჩენის სურნელოვანი იარაღი.
დღეს, სორჩინელის არომატული პორტფელი ნიშური სუნამოების 7 ხაზს მოიცავს: UNUM-ს, MEMENTO-ს, ATMOSPHERE D’EMOTION-ს, SUPERFLUO?-ს (ნიშური სუნამოები და სხეულის მოვლის საშუალებები), X SÉ-ს, EXTRAIT DE MUSIQUE-ს და DÉLIRE DE VOYAGE-ს; კოლექცია SCENTED HOME კი დიფუზორებს — ინტერიერის 5 განსხვავებულ სურნელს გვთავაზობს.